თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვახტანგ შაქარიშვილის და ამავე რაიონის საპარლამენტო მაჟორიტარი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით იოსებიძისა და შარტავას ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელშიც თბილისის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, შარტავას და იოსებიძის ქუჩებზე მდებარე კორპუსების მდგომარეობის და მათ გვერდით დაგეგმილი მშენებლობის საკითხი განიხილებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა შარტავას N40-ში დაგეგმილი ორი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ამავდროულად იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია და შეხვედრის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ თუკი ამ კორპუსების დემონტაჟი მოხდება და მათ ადგილას ახალი კორპუსები აშენდება, ადგილობრივების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.
შეხვედრის ორგანიზატორებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუმარტეს, რომ საკრებულოში სწორედ ამიტომ მოიწვიეს, რათა მათი ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინება მოხდეს. შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ თბილისის საკრებულოს და მერიის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებისგან შეიქმება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ პრობლემაზე იმუშავებს.
„იოსებიძის ქუჩაზე ავარიული შენობების საკითხი ძალიან მწვავედ დგას და სიტუაციას მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა ართულებს. ჩვენ იოსებიძის და ცაგერის ქუჩაზე მცხოვრებლების პოზიციები მოვისმინეთ. დღევანდელ შეხვედრაზე სტრუქტურათშორისი ჯგუფის შექმნაზე შევთანხმდით, რომელიც ფორსირებულ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით დაიწყებს მუშაობას და მიიღებს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.