თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებს, კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ სიტყვით მიმართა და ოთხწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
კომისიის თავმჯდომარემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ამჟამად მოქმედი პროგრამები მიმოიხილა. გიორგი ბირბიჩაძემ განსაკუთრებული ყურადღება იმ ახალ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც კომისიის მუშაობის პერიოდში ამოქმედდნენ, ასევე ისაუბრა პროგრამებზე, რომლებსაც ახალი კომპონენტები დაემატა.
კომისიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების, გაფანტული სკლეროზისა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამას.
სოციალური მიმართულებით კი სოციალური მზრუნველობის სააგენტოს, საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსებისა და უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენის პროგრამების მნიშვნელობა აღინიშნა.