+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ფრაქციის წესდება
ფრაქციის წესდება

 ფრაქციის წესდება

 

მუხლი 1

1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში –საკრებულო) ფრაქცია     „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო„, (შემდგომში - ფრაქცია) არის საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსის”, საკრებულოს რეგლამენტის, სხვა ნორმატიული აქტების და წინამდებარე  წესდების შესაბამისად.

1.2. ფრაქციის საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

1.2.1. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა;

1.2.2. დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;

1.2.3. ფრაქციაში გაწევრიანებისა და ფრაქციიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

1.2.4. თანასწორობა კანონის წინაშე.  

1.3. ფრაქცია არ არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, იგი შექმნილია საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე საკრებულოს წევრთა მიერ უფლებამოსილებების ეფექტურად განხორციელებისა და საქმიანობის კოორდინირებულად წარმართვის მიზნით.

თავი II

ფრაქციის მიზნები და უფლებამოსილებანი

მუხლი 2

2.1. ფრაქციის მიზნებია:

2.1.1. საკრებულოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში მონაწილეობა;

2.1.2. ფრაქციის წევრების აქტიურობის გაზრდისა და შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენისადმი ხელშეწყობა;

2.1.3. ფრაქციის წევრთა მიერ საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

2.1.4. საკრებულოს სამართალშემოქმედებითი და მაკონტროლებელი საქმიანობის განხორციელებისას ფრაქციის შეჯერებული აზრის გამოხატვა;

2.1.5. თბილისის მოსახლეობის მიერ საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” გარანტირებული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა;

2.1.6. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ღირებულებების, საერთო–სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის პრინციპების გათვალისწინებით;

2.1.7. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

2.1.8. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება;

2.1.9. დემოკრატიული თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შექმნა;

2.1.10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა;

2.1.11. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა;

2.1.12. მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი, საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით;

2.1.13. მუნიციპალური ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

2.1.14. საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;  

2.1.15. აღნიშნული მიზნების, უფლებამოსილებებისა და ამოცანების განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შესაბამისი დარგის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა.

2.2. ფრაქცია უფლებამოსილია:

2.2.1. მოახდინოს საკრებულოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ინიცირება;

2.2.2. შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს/პირებს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს;

2.2.3. მოითხოვოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა;

2.2.4. საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი, დასანიშნი და თანხმობა მისაცემი კანდიდატურების თაობაზე;

2.2.5. დაასახელოს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა;

2.2.6. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

2.3. ზემოაღნიშნული მიზნებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად ფრაქცია იყენებს ყველა კანონიერ გზას, ფორმასა და საშუალებას.

თავი III

ფრაქციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

მუხლი 3

3.1. ფრაქციის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

3.2. ფრაქციის სხდომა როგორც წესი იმართება თვეში ერთხელ.

3.3. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა.

3.4. ფრაქციის სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან ფრაქციის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობას წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3.5. ფრაქციის სხდომის დღის წესრიგს ადგენს და ფრაქციის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციის თავმჯდომარე.

3.6. ფრაქციის დღის წესრიგი მტკიცდება ფრაქციის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

3.7. დღის წესრიგში ცვლილებების (საკითხის ამოღება, დამატება ან მოდიფიცირება) შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს. გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის 3.8. პუნქტით დადგენილი წესით.

3.8. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

3.9. ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.

3.10. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:

3.10.1. მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;

3.10.2. მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;

3.10.3. წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე;

3.10.4. ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;

3.10.5. აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

3.10.6. გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;

3.10.7. ისარგებლოს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თავი IV

ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის თანამდებობის პირები, მათი არჩევის წესი და კომპეტენცია

მუხლი 4

4.1. საკრებულოს წევრი შეიძლება გახდეს ფრაქციის წევრი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც წერილობით განაცხადებს ამის შესახებ და იზიარებს ფრაქციის წესდებას.

4.2. ფრაქციის წევრი ვალდებულია:

4.2.1. მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის საქმიანობაში;

4.2.2. დაიცვას ფრაქციის წესდება;

4.2.3. შეასრულოს ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

4.2.4. არ განახორციელოს ფრაქციის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო ქმედება.

4.3. ფრაქციის წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს ფრაქციის თავმჯდომარეს, ბიუროს და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.

4.4. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წევრის მოთხოვნის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გარიცხოს ფრაქციის წევრი ფრაქციის შემადგენლობიდან თუ:

4.4.1. მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის მიზნებს;

4.4.2.  არასაპატიო მიზეზით არღვევს ფრაქციის წესდებას.  

4.5. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის რეგისტრაციამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

4.6. ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

4.7. ფრაქციის თავმჯდომარე:

4.7.1. ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

4.7.2. წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის გარეთ;

4.7.3. წარმართავს ფრაქციის სხდომებს და ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას;

4.7.4. ხელს აწერს ფრაქციის ოფიციალურ დოკუმენტაციას;

4.7.5. ახორციელებს კანონმდებლობითა და ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.8. ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს, შესაბამისი წერილობითი განცხადებით, ნებისმიერ დროს გადადგეს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

4.9. ფრაქცია უფლებამოსილია ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე  წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე.

მუხლი 5

5.1. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის რეგისტრაციამდე ფრაქციის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს).

5.2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

5.3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

5.3.1. ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს;

5.3.2. ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.

5.4. ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ფრაქციის გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

5.5. ფრაქცია უფლებამოსილია ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წევრთა შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გადააყენოს თანამდებობიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 6

6.1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ფრაქციას ჰყავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

6.2. ფრაქციის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს მიერ ფრაქციისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ასაყვანად გამოყოფილი წლიური სახელფასო ლიმიტის ფარგლებში.  

6.3. ფრაქციის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები:

6.3.1. ამზადებენ ფრაქციის სხდომებს;

6.3.2. ხელს უწყობენ ფრაქციის წევრებს საქმიანობის განხორციელებაში;

6.3.3. აღრიცხავენ ფრაქციის სხდომებზე სხვადასხვა საკითხების განხილვისას გამოთქმულ წინადადებებს და შენიშვნებს;

6.3.4. ადგენენ ფრაქციის სხდომის ოქმს;

6.3.5. ასრულებენ ფრაქციის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს.

თავი V

ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში

მუხლი 7

7.1. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

7.2. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა, თუ აღნიშნულს მხარს დაუჭერენ ფრაქციის წევრები ერთხმად, რის შესახებაც სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება ბიუროს და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას.

თავი VI

ფრაქციის გაუქმება

 

მუხლი 8

ფრაქცია ჩაითვლება გაუქმებულად საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩება  3 წევრზე ნაკლები.

 

ფრაქციის თავმჯდომარე: ოთარ გრიგოლია                          

 

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე(ები): კონსტანტინე ზარნაძე, ავთანდილ ცინცაძე, ნინო რუხაძე, ლევან აბაშიძე, გივი ჩხარტიშვილი

LiveZilla Live Chat Software