თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ 62 მილიონ 150,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 271 მილიონ 497,5 ათას ლარს. 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების, მიმდინარე წელს ფაქტობრივად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.
საკრებულოს სხდომაზე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის" ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. წარმოდგენილი ცვლილება, ქვეპროგრამაში ჩართვისთვის წარმოსადგენ დოკუმენტაციას ეხება და ქვეპროგრამით სარგებლობას როგორც მომსახურების მაძიებელთათვის, ისე ქვეპროგრამის განმახორციელებლისთვის ამარტივებს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის" სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩანქსელიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე დადგენილებაში ცვლილება გააცნო საკრებულოს წევრებს.
ა(ა)იპ-თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა კი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ №10-48 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს. ასევე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტებზე იმსჯელეს.
დღესვე, დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის უძრავი ქონების/ინდივიდუალური ფართების საკუთრებაში გადაცემისა საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტებს მხარი დაუჭირეს.