26 ხმით არცერთის წინააღმდეგ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გახდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ზურაბ აბაშიძის კანდიდატურას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძე წარადგინეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას და მისი კანდიდატურის თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას თანხმობა მისცეს.
საკრებულოს წევრებმა გიორგი ტყემალაძეს მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. თავის მხრივ, დეპუტატებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გიორგი ტყემალაძემაც გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ გუნდის და დედაქალაქის მერიის აქტიური მუშაობით თბილისში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ახალ თავმჯდომარესაც წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძე როგორც პოლიტიკაში, ისე თვითმმართველობაში გამოცდილი კადრია.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის, ერთგულებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობიდან არ მივდივარ და ვრჩები დედაქალაქის სამსახურში. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა დედაქალაქისთვის მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძეს წარმატებები საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემაც უსურვა და განაცხადა, რომ მისთვის დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელობა დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.
„კოლეგებო, მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს, რომ მომეცით საშუალება, ვიყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ეს ძალიან საპატიო თანამდებობაა. ეს პოზიცია მაძლევს იმის საშუალებას, რომ გადავჭრათ ის საკითხები, რომელიც დედაქალაქში არსებობს. ჩვენმა გუნდმა დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა და ეს საქმეები დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და გიორგი ტყემალაძეს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, გიორგი ტყემალაძის საქმიანობა ახალი თანამდებობიდან დედაქალაქის წინსვლისთვის კიდევ უფრო სასიკეთო იქნება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.