თბილისის მერიასა და „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე დაესწრო.
გურამ ოქროპირიძემ აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებას ადგილობრივ ხელისუფლებასა და „საქპატენტს“ შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ეტაპი, რომელიც დაიწყო ადგილობრივ ხელისუფლებასა და „საქპატენტს“ შორის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა თანამედროვე ეპოქაში, ტექნოლოგიების განვითარების პროცესში. თბილისის საკრებულო ყოველთვის მხარს უჭერდა მსგავს შემეცნებით პროცესებს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
დოკუმენტს ხელი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, მოაწერეს.
გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების მიმართულებით, რომელიც ისეთი პროექტებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებას გულისხმობს, როგორებიცაა სეზონური სკოლები, ახალგაზრდული ბანაკები, კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები და სხვა.