თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს მოუსმინეს.
როგორც მაია გრძელიძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 700,912.4 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 632,132.6 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 68,779.8 ათასი ლარით.
დღესვე კომისიის სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა.
ცვლილების თანახმად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ფუნქციიდან, აგრეთვე სააგენტოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამსახურის უფლებამოსილებებიდან ამოღებული იქნა სქემების მომზადების ფუნქცია და დარჩა მხოლოდ შეთანხმების ნაწილი.
ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის ცვლილებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში სწორდება შინაარსობრივი და ტექნიკური უზუსტობები, მათ შორის, ამოღებულია საგზაო მოძრაობის დროებითი და მუდმივი სქემების მომზადების შესაძლებლობა და რჩება მხოლოდ წარმოდგენილი სქემების შეთანხმება.
მანვე სხდომაზე „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ თბილისის საკრებულოს საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
ცვლილების თანახმად, დადგენილების მე-3 მუხლის პირველი (პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით) და 21 პუნქტების (ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით) შესაბამისად გადახდილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას.
ამასთან, ზონის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასურის გადახდის მიზნით ჩარიცხული თანხა, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ექვემდებარება დაბრუნებას.