თბილისი მიმდინარე ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს წევრებთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.
თბილისის საკრებულოს წევრები და საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.
ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს გენერალური მდივნის ფაბრიციო როსის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საოკუპაციო ხაზთან გამგზავრება და ადგილზე არსებული ვითარების პირადად გაცნობა. მისი თქმით, ევროპის რეგიონალური მუნიციპალური საბჭო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ მადლიერი ვართ ქალაქ თბილისის და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის. ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ადგილობრივი მმართველობის მიმართ. ჩვენ ვართ ევროპის რეგიონული მუნიციპალური საბჭო და ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რათა ისინი შეუერთდნენ ევროკავშირს. ჩვენ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მოვსულიყავით საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ გავესაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ჩვენ გადავცემთ მათ მონათხრობს ყველას, გავავრცელებთ ზუსტ მესიჯებს და ეს იქნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი აქ ყოფნა საკმაოდ ძლიერი გზავნილია ყველასთვის, განსაკუთრებით ევროპისთვის, ევროკავშირისთვის,“- განაცხადა ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს გენერალურმა მდივანმა ფაბრიციო როსიმ.
როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო რუხაძემ განაცხადა, საქართველოს თვითმმართველობები ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
„თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. ადამიანები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს სტუმრობენ, საქართველოს დიდი მეგობრები არიან და აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ არ შეგვეძლო შემთხვევით არ გვესარგებლა და ეს ადამიანები არ ჩამოგვეყვანა საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტა ამ უდიდესი პრობლემის საქართველოს ევროსტრუქტურებში გაერთიანება იქნება,“ - განაცხადა ნინო რუხაძემ.
სტუმრებმა ადგილობრივ სკოლაში ბავშვების ნახატების გამოფენა დაათვალიერეს და მუსიკალური წრის რეპეტიციას დაესწრნენ.
დელეგაციას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ უმასპინძლეს.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
ოქტომბერი 02,2023„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეიკრა
ოქტომბერი 02,2023გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ოქტომბერი 02,2023