თბილისში ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრა გრძელდება. პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაში ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს (CEMR) წარმომადგენლებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს: ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) საქმიანობა ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის და 2023 წლის სამუშაო პროგრამის შესრულების ანგარიში, ასევე მოისმინეს ცირკულარული ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ ჩარჩო დოკუმენტის პრეზენტაცია.
პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაში თბილისის საკრებულოს წევრები - ნინო რუხაძე და გურამ ოქროპირიძე - მონაწილეობდნენ.
მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი 6-7 ივნისს მასპინძლობს და მასში ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტთან ერთად ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა საბჭოს, შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, ფინეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის და კვიპროსის დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.