თბილისის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით გაიმართება და მასში თბილისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები და პროექტ “DRIVE Democracy”-ის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მოდერატორი დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამთა ჯოლოხავა იყო.
შეხვედრის მონაწილეებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის განვითარებაში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად ღია იყოს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ პროცესში, მუნიციპალიტეტიც უფრო შედეგიანად განახორციელებს პროექტებს. განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი, ახალგაზრდების მოსაზრებები ჩვენი ქალაქის საჭიროებების შესახებ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა იმ ძირითად პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, რომელიც თბილისის წინაშე დგას. გიორგი ტყემალაძემ რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. ესენია: ურბანული პოლიტიკა და თბილისის მიწათსარგებლობის გრძელვადიანი გენერალური გეგმის მიღება: სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ფეხით მოსიარულეთათვის, ეკომეგობრული ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პარკირების სისტემის შემოღებაზეც ისაუბრა; გიორგი ტყემალაძემ ასევე ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვის პოლიტიკაზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თბილისის დემოკრატიული სკოლის კურსდამთავრებულების კითხვები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ურბანულ პოლიტიკას შეეხებოდა.
EECMD-ის ინიციატივით, ბოლო წლებია, მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს საქართველოს ექვს რეგიონში, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმ ღონისძიებებსა და პრიორიტეტების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო და ცალკეული მუნიციპალიტეტები გეგმავენ ან განახორციელებენ.