დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, ვაჟა-ფშაველაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
სკვერის მოწყობის სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N14 კორპუსის მიმდებარედ დაიწყო.
,,სასიხარულოა, რომ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ავტოფარეხების დემონტაჟისა და მათ ადგილას აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეების შექმნის თაობაზე, თბილისის მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. ამის კიდევ ერთი მაგალითია ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N 14 კორპუსის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით და ვაკის გამგეობასთან თანამშრომლობით განხორციელებული ავტოფარეხების დემონტაჟი. მათ ნაცვლად დაგეგმილია კეთილმოწყობილი სკვერის მშენებლობა, სადაც თავმოყრილი იქნება სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილი ზონა, საბავშვო მოედანი, გამწვანებული და ჯანსაღი სივრცე’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1100 კვ. მ ფართობზე კეთილმოეწყობა დასასვენებელი ადგილი, ამასთანავე, გაკეთდება ბავშვთა გასართობი სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.
ახალი დასასვენებელი სივრცე, ასევე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედაც გაკეთდება, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, მიმდებარე ტერიტორიაზე 17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
გამოთავისუფლებული ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული, კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყობა, ნაწილზე კი, მოსახლეობის თხოვნით, ავტოსადგომი გაკეთდება.