სასტუმრო "ბილტმორში" საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენცია „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართა. კონფერენციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად, დედაქალაქის მერი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, 64 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ძირითად სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
კონფერენციის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა, საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა და გაძლიერება იყო.
ღონისძიების მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები, მათი განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები და ნაბიჯები, ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ძირითადი გამოწვევებისა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობა განიხილეს.
დღესვე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელს. ამას გარდა, ხელი მოეწერა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და სახელმწიფო პარტნიორებს შორის მემორანდუმებსაც.
ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. თანამშრომლობა 64 მუნიციპალიტეტისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერას, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპის ქარტიის ადვოკატირებასა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მოიცავს.