თბილისის საკრებულოში წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართული ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
ღონისძიებაზე წარმატებული სპორტსმენები საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დააჯილდოვა და მომავალში კიდევ მრავალი გამარჯვება უსურვა.
„ჩემთვის მართლაც დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თბილისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერა ყოველთვის იქნება. წლევანდელი წელი ქართული სპორტისთვის მართლაც განსაკუთრებული იყო და ეს თითოეული აქ მყოფი სპორტსმენის დიდი შრომის შედეგია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოგვიტანს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისელ სპორტსმენებს ჯილდოები გადასცა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
„თქვენ ასახელეთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალშიც ის წარმატებები და მიღწევები გქონდეთ რომლებიც წელს და გასული წლების განმავლობაში გვქონდა. ძალიან ბევრ წარმატებასა და გამარჯვებას გისურვებთ“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორებს და ქალთა გუნდების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.