თბილისის საკრებულოს საქართველოში ვიზიტით მყოფი უზბეკეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში უზბეკეთის პარლამენტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ. თბილისის საკრებულოში უზბეკ სტუმრებს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი შეხვდნენ.
უზბეკეთის დელეგაციის წევრებს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია მიესალმა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უზბეკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ლიდერია სხვადასხვა მიმართულების რეფორმების გატარების თვალსაზრისით და უზბეკეთისთვის ამ გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესოა.
ოთარ გრიგოლიამ უზბეკ სტუმრებს მუნიციპალური მართვის ტრადიციებზე, საკრებულოს ფუნქციებზე, კომისიების მუშაობაზე, კანონმდებლობაზე, ბიუჯეტის დაგეგმვაზე და ამ მიმართულებით მოქალაქეთა ჩართულობაზე, ასევე ინკლუზიურ პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ გენდერული საბჭოს მუშაობაზე, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, ასევე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა, ასევე სტუმრებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდებებთან და ამ მიმართულების მოქალაქეების ჩართულობით საჯარო განხილვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს.