თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე პარლამენტში კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ღონისძიებების ფარგლებში, დღეს პარლამენტში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი გაიხსნა, რის შემდეგაც პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა. სხდომაზე სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა და მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, პირველი კონსტიტუცია, რომელიც ცალსახად ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იურიდიული დოკუმენტი იყო, კანონის წინაშე თანასწორობას, დემოკრატიასა და პიროვნების თავისუფლებას ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა.
„ზუსტად ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. პირველ კონსტიტუციას, ევროპის სამართლებრივ სივრცეში დახვეწილ და პროგრესულ დოკუმენტად მიიჩნევდნენ. სწორედ ამ დოკუმენტს ეფუძნება და მის სამართლებრივ მემკვიდრეობას აგრძელებს დღეს მოქმედი რედაქცია. კონსტიტუციის ასი წლის იუბილე, არა მხოლოდ კანონმდებლებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სწორედ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია არის ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს შენების გარანტი.
ყველას გილოცავთ კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პარლამენტში კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი გამართულ ღონისძიებებს ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.