თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის სხვადასხვა პროექტის სახით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა დედაქალაქის შემადგენლობაში არსებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებას და ამ მიზნით, ფონდ „ქართუს“ მიმდინარე პროექტს.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში, კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 700 ჰექტარი გამწვანდება. აღნიშნულ სივრცეებში მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები და საპიკნიკე ადგილები, ასევე, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკები. ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის კი გათვალისწინებული იქნება გზები სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის.
„ამ ყველაფრისთვის, როგორც ქალაქის მერმა და რიგითმა მოქალაქემ, მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებში მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობის და მიმდებარე ტერიტორიების ტყე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“ - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის შემუშავებაში ჩართული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, მისი ლაბორატორიები და სპეციალისტები. პრეზენტაციას საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილეები და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა მთაწმინდის ფერდობზე, სიმბოლურად, ნერგები დარგეს.