თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მოადგილეებთან და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან ერთად დაესწრო.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალური პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება. მულტიფუნქციურ სივრცეში ბოტანიკური, იაპონური და ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტისა და კვების ზონები მოეწყობა.
ტერიტორიაზე ასევე განთავსდება, პანორამული პლატფორმა, სტრიტბოლის სივრცე, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის და მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე. პარკის გარშემო კი სამი ავტოსადგომი იფუნქციონირებს.
დედაქალაქის მერის თქმით, პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, რაც ამ ტერიტორიის სიმბოლო იქნება.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია , რომელიც ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა, თბილისის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი, თბილისის საკრებულოში, გუშინ მოეწერა.