თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრას, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა, გიორგი ტყემალაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრული წევრის სტატუსით დაესწრო.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით, კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა მიმართა, რომელმაც კონგრესის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ონლაინ შეხვედრაზე ადგილობრივი და რეგიონული განვითარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ ევროპელი მომხსენებლების მიერ მომზადებული ანგარიშები მოისმინეს.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის მორიგი შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს, კონგრესის 39-ე სესიის ფარგლებში გაიმართება.