თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი 217 მილიონ 580 ათასი ლარით გაიზარდა. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2019 წელს მიღებული შემოსავლებისა და 2020 წლის, 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების გათვალისწინებით იზრდება. მისი მთლიანი მოცულობა კი 1 მილიარდ 238 მილიონ 980,6 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულოს წევრებმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დაამტკიცეს.
ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს. კერძოდ, დეპუტატებმა სსიპ ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებას და მის დებულებაში განსახორციელებელ ტექნიკურ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას’’ შორის ავტობუსების პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საკრებულოს სხდომაზე თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი წარუდგინა. ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად ავტოდრომის მოსაწყობად საავტომობილო სპორტის ფედერაციას გადაეცემა.
დეპუტატებმა ასევე თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდებათ.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები დაამტკიცეს და თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს. გარდა ამისა, დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტიც დაამტკიცეს.
დღესვე, საკრებულოს წევრების თანხმობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მემორიალური დაფის, ასევე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესიც დამტკიცდა. თბილისის N-62 და N-92 საჯარო სკოლებს კი, ჟიული შარტავასა და ჯამბულ წულაიას სახელები მიენიჭათ.
დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრის თემურ გორგაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს.
სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა სარევიზიო კომისიის 2019 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024