დედაქალაქს „ISUZU-ს“ მარკის კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა. ავტობუსები საზოგადოებას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი გრძელდება, დედაქალაქის ავტოპარკი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, კიდევ 40 ერთეული ახალი ავტობუსი თბილისელების კომფორტულ მგზავრობას მოემსახურება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი გრძელდება და ამ პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მარშრუტებზე დამატებით კიდევ 40 ერთეული ახალი ავტობუსი გავა. მინდა, მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს მნიშვნელოვანი სიახლე. შემდეგ ეტაპზე თბილისის უკვე 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები შეემატება. წლის ბოლომდე ახალი ავტობუსებით თბილისის ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდება, ასევე დამატებით 100-150 ერთეულით გაიზრდება ავტობუსების არსებული რაოდენობა. ეს კი, შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების უფრო კომფორტულ მგზავრობას ნიშნავს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„ISUZU-ს“ მარკის, 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები უახლოეს დღეებში 9 მარშრუტზე გადანაწილდება:
N53 - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი; N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული); N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს); N47 - თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი“; N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი“;N29 - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა; N89 - მეტროსადგური „დიდუბე“ - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ); N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი“.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება.