თბილისში 40 ერთეული ISUZU-ს და 16 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები იმოძრავებს. ახალი მუნიციპალური ავტობუსები საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე ძველი ავტობუსების ჩანაცვლება კვლავ გაგრძელდება.
„მოხარული ვარ, რომ ახალი ავტობუსები ქალაქის ცენტრალურ უბნებთან ერთად, გარეუბნებსა და თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზეც იმოძრავებენ. ძველი ავტობუსების ახალი ISUZU-სა და MAN-ის მარკის ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კიდევ უსაფრთხო და კომფორტული გახდეს. ამ მიმართულებით, დედაქალაქის მთავრობა და საკრებულო აქტიურად მუშაობს“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი და MAN-ის მარკის 10 მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.
ახალი ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტებზე ეტაპობრივად, ერთი კვირის განმავლობაში გადანაწილდებიან.