მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-სა და MAN-ის მარკის 30 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსები ძირითადად დედაქალაქის გარეუბნებს მოემსახურება და დასახლებებსა და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.
ავტობუსები საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილე ირაკლი ზარქუა, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ახალი ავტობუსები ხვალიდან N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის განახლების მიზნით, 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები შეიძინა. 50 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსი თბილისში გაზაფხულზე შემოვიდა და მგზავრებს №50, 55 და 71 მარშრუტებზე ემსახურება. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე 60 ერთეული შემოვიდა და 10 მარშრუტზე გადანაწილდა.
როგორც MAN-ის, ასევე ISUZU-ს მარკის ავტობუსები EURO 6 ემისიის სტანდარტისაა, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.