თბილისში ISUZU-ს მარკის 60 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ახალი ავტობუსები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე წარადგინა. ავტობუსების წარდგენას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ISUZU-ს მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, 21 დასაჯდომი ადგილი აქვს და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები. დედაქალაქის მერიამ სულ 220 ერთეული ახალი ავტობუსი იყიდა, რომელთაგან 160-ს კომპანია თბილისს 2019 წლის ბოლომდე მიაწვდის.
დღეს თბილისს 650 ავტობუსი ემსახურება, საიდანაც 145 ლურჯი MAN-ის ავტობუსია.