თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები „თბილისობის“ გალაკონცერტზე, 2019 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოებას დაესწრნენ. საპატიო თბილისელის სტატუსი წელს შვიდ ადამიანს მიენიჭა. თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი მათ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა. საპატიო თბილისელებს აღნიშნული სტატუსის მინიჭება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მიულოცა.
წელს საპატიო თბილისელები გახდნენ: გიოზალ დუმოევი - „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს; გივი მამულაშვილი - „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული; ავთანდილ კობახიძე - თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს; ვალერიან მეთაფლიშვილი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს; როგნეტა კუჭავა - ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს; მეია მეგრელიშვილი - თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი; ნიკოლოზ ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი.
„თბილისობის“ გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.