დღეს ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის სახელობის აკადემია „ჭადრაკის დედოფალი" გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საბურთალოს რაიონის (დიდი დიღმის) მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმდჯომარემ ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა და ქალაქს აკადემიის გახსნა მიულოცა.
,,დღეს, დიდ დიღომში ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის აკადემია გაიხსნა. მსგავსი სასწავლო ცენტრები ნიჭიერ ახალგაზრდებს სპორტული და ინტელექტუალური უნარების განვითარების საშუალებას აძლევს. ჭადრაკი ჩვენთვის საამაყო და წარმატებული ინტელექტუალური თამაშია. ქართველმა მოჭადრაკეებმა არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მაია ჩიბურდანიძეს, ჭადრაკის აკადემიას კი წარმატებებს ვუსურვებ“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აკადემია დიდი დიღომში გაიხსნა და უამრავი მოსწავლისთვის სწავლება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის საავტორო პროგრამით წარიმართება.
აკადემიის ,,ჭადრაკის დედოფალი“ გახსნასთან ერთად დღეს საჭადრაკო ფესტივალი ,,მაიას თასიც“ ჩატარდა, რომელიც 2004 წლიდან იმართება. ფესტივალში მონაწილეობა 5 ქვეყნის 150-მდე მონაწილემ და საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეებმა მიიღეს.