თბილისში ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. პარკის ოფიციალურ გახსნას დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, საკრებულოს წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
როგორც დავით უთმელიძემ განაცხადა, დღეიდან საბურთალოს მცხოვრებლებს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, დასასვენებელი სივრცე შეემატა. საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარის თქმით, პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის ტერიტორიაზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ,,დეკის’’ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, ღია და დახურული სივრცეები კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.
ასევე, მოეწყო ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, სარწყავი სისტემა და გარე განათება. დაითესა ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ბუჩქები და ხეები.
ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი კონცერტით გაიხსნა, რომელზეც სპეციალური სტუმარი ნანი ბრეგვაძე იყო.