თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის სფეროზე ისაუბრა. როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, გარე რეკლამის კონსტრუქციები ქალაქში ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით არის განთავსებული. მისივე თქმით, იკვეთება გარიგების და კორუფციის ნიშნები.
„პრობლემა სათავეს იღებს 2009 წლიდან, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ერთგვერდიანი ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება ფიქტიურად გადაეცა ორ კომპანიას, რომელიც რეალურად იყო ერთი და ეს იყო კეზერაშვილის "აუთდორი". 2014-15 წლიდან, გარე რეკლამის სფეროში დგება ახალი რეალობა, როდესაც "ვისოლ ჯგუფი" ყიდულობს კომპანია "ალმას" და "ალმა" თავის მხრივ, სხვადასხვა გზებით ყიდულობს კომპანია "აუთდორს". იმისათვის რომ არ დარღვეულიყო კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, "ალმამ" ღიად იყიდა "აუთდორის" 10%, ხოლო ოფშორული კომპანიების მეშვეობით დაეუფლა დანარჩენ 90%-ს, რის შედეგადაც ამ კომპანიის ხელში აღმოჩნდა გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება და მთლიანად ბაზრის დაახლოებით 80%,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის განცხადებით, მისი ინიციატივით, მერიის სხვადასხვა სამსახურებთან გაიმართა შეხვედრები და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც სამუშაო გეგმა დაისახა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, კომპანია „ალმას“ მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე 20 წლის ვადით რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება აქვს. მან მოუწოდა მერიას, ამ საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.