14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობის ცენტრალურ ფასადზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის -„ქართული ხელნაწერები“ 3D ინსტალაცია მოეწყო.
ღონისძიება დედაქალაქის მერიის, თბილისის საკრებულოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოში საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება - ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების შესახებ მწვავედ გააპროტესტეს.
ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას მთელი საქართველოს მოსახლეობა აღუდგა წინ. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო.