თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ყოველწლიურს ანგარიშს და სამომავლო გეგმის წარდგენას დაესწრო. პრეზენტაცია პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესიის გახსნის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც 2018 წლის მარტის თვეში დასრულდა . მისი თქმით, რეფორმის შედეგად, ეროვნულ სამართლებრივ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი შეიქმნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ასევე, განათლების სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებზე, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მიმართულების საკანონმდებლო დონეზე გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ირაკლი კობახიძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას განახორციელებს, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით. მან ისაუბრა ასევე დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარებაზე, რაც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაფართოებასა და მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში იქნება გამოხატული. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი იმუშავებს საარჩევნო კოდექსის დახვეწასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე. პარლამენტი მიიღებს ორგანულ კანონს, რომლითაც განხორციელდება უცხოელებზე მიწის გასხვისების რეგლამენტაცია. საქართველოს პარლამენტის გეგმებშია ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსზე, სამხედრო კანონმდებლობის კოდიფიკაციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადასინჯვაზე, ტყის კოდექსზე, შშმ პირთა დაცვის შესახებ კანონზე მუშაობა.