თბილისის საკრებულოში საახალწლო მიღება გაიმართა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებს და თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო წელი. ბევრი ვიშრომეთ და წარმატებები გვქონდა. ყველა წარმატება ჩვენი ერთობლივი წარმატებაა. იმედი მაქვს, მომავალი წელიც ასეთივე საინტერესო და წარმატებული იქნება. გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ სიხარულს და მშვიდობას. ამასთან, თბილისის საკრებულოს სახელით, თბილისელებს და საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თანამშრომლებს ახალი წელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებმა და საკრებულოს აპარატის უფროსმა მიულოცეს.
მარიკა დარჩიამ და თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს დასუფთავების და ტექნიკური სამსახურების თანამშრომლებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს და შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
საახალწლო ღონისძიებაზე, ორხევში მდებარე თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლის სასულე საკრავთა ორკესტრმა დაუკრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ხელოვნების სკოლის დირექტორს თამაზ მოლაშვილს, ორკესტრის წევრებს და პედაგოგებს მიესალმა. მისი განცხადებით, განუზომელია პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც თავისი შრომით აყვარებენ მომავალ თაობას მუსიკას.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო ხელოვნების სკოლის ორკესტრის პედაგოგებს, განსაკუთრებით მინდა გამოვყო, სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი, რომელიც უკვე 50 წელია ამ სკოლას ხელმძღვანელობს და მომავალ თაობას ხელოვნების და მუსიკის სიყვარულს უნერგავს. ეს სკოლა ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარეობს და მე ძალიან კარგად ვიცნობ მათ მუშაობას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, საკრებულოს წევრებმა ხელოვნების სკოლის დირექტორი, სკოლის სასულე ორკესტრის დირიჟორები და ორკესტრის წევრები მადლობის საპატიო სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.