თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, რიმა ბერაძე და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელი, ზაზა გაბუნია პარლამენტში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
სტუდენტებს რიმა ბერაძისა და ზაზა გაბუნიასთვის შეკითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, თვითმმართველობის განვითარების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ზრდაზე, ბიუჯეტირების საკითხებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრეს.
„კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სკოლის სტუდენტები სწავლობენ საგანს „ადგილობრივი თვითმმართველობა“. მე ვარ მათი ლექტორი. დღევანდელი შეხვედრა, სტუდენტების თხოვნით დაიგეგმა, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან თვითმმართველობის საკითხებით. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზაზა გაბუნიას, რომელიც დაგვთანხმდა და ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. მომავალ თაობასთან კომუნიკაცია და მათი შეხედულებების გაზიარება, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პარლამენტის ისტორიული შენობა დათვალიერეს.