ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს კონფერენციაზე ,,საკონსულტაციო მექანიზმები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის’’ მოხსენებით გამოვიდა. კონფერენცია სომხეთის დედაქალაქში გაიმართა, მასში 5 ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრიას კიფერმა გახსნა.
კონფერენციაზე განიხილეს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დიალოგის მექანიზმები და კონსულტაციების პროცესში ეროვნული ასოციაციების ადვოკატირების როლის საკითხები.
თამარ ტალიაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებათა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების შექმნილი პლატფორმების შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილა დეცენტრალიზაციის პროცესში არსებულ საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობაზე და ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) მნიშვნელოვან როლზე.
თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე აქცენტი გააკეთა დეცენტრალიზაციის მიმდინარე ეტაპზე, კერძოდ, ადგილობრივ თვითმმართველობათა გაძლიერების სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ღია, გამჭირვალე და ინკლუზიური საკონსულტაციო მექანიზმების გამოყენებაზე.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსულტაციები სრულად ინსტიტუციონალიზებულია. ადგილობრივ თვითმმმართველობის ეროვნული ასოციაცია (NALAG) უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობასა და მონაწილეობას ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს პლატფორმები და მექანიზმები ქმნიან დროულ და სათანადო ფორმატს, რომელიც ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას და აძლიერებს საქართველოში ევროპულ ღირებულებებს,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდა ასევე, ადგილობრივ თვითმმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა.