თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან, რევაზ სოხაძესთან და დავით უთმელიძესთან ერთად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანიის „დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს“ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
კამპანიის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაკე-საბურთალოს ყველა სკოლაში საგანმანათლებლო ტრენინგი სახელწოდებით „ რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი და რა გზას გადის წყალი დედაქალაქის წყალმომარაგების მთავარი რეზერვუარიდან ჩვენს ონკანებამდე“ ჩაატარა.
პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია აწარმოეს და პრაქტიკაში გამოიყენეს ის თეორიულ ცოდნა, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს. ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა თბილისის 100-მდე სკოლამ მიიღო.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ღრმაღელეს სათავო ნაგებობის ტერიტორიაზე გაიმართა, კამპანიის მხარდასაჭერად ველოშეჯიბრი ჩატარდა. ამას გარდა, კამპანიაში მონაწილე სკოლის გუნდების დაჯილდოებაც გაიმართა. პირველ ადგილზე გასული სკოლის „ერუდიტი“ მოსწავლეებს ჯილდო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გადასცა.