თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი კიევის საქალაქო საბჭოს და კიევის მერიის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებს თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. საკრებულოს დეპუტატებმა კიევის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვის, განხილვისა და დამტკიცების პროცედურები განუმარტეს. ასევე იმ ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
კიევის დელეგაცია თბილისში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს ძირითადად დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულების წარმომადგენლებთან მართავს.