თბილისის საკრებულოში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით ,,ანიდან ჰოემდე“, გაიმართა. საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და 1978 წლის, 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„თბილისის საკრებულო სახელმწიფო ენის დღის მასშტაბურად აღნიშვნას უერთდება და ეს ღონისძიებაც ამ საზეიმო კვირეულის შემადგენელი ნაწილია. ჩვენთვის დიდი პატივია დღევანდელ ღონისძიებაზე ქალბატონი მზექალა შანიძისა და ბატონი თამაზ კვაჭანტირაძის დასწრება. 40 წელი გავიდა იმ ცნობილი მოვლენებიდან, როდესაც ქართველთა ერთიანობამ შეაჩერა ის განზრახვა, რაც საბჭოთა იმპერიას ჰქონდა. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ მოვლენებში ამ დარბაზში არიან. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ქართული ენის დღეს აღვნიშნავთ და ქართული ენა სახელმწიფო ენაა“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი. მათ 40 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ქართული ენის წინაშე დღეს არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში მოწყობილი გამოფენა ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიას ასახავდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პირველი ქართველი ქსილოგრაფისა და გრავიორის, ქართული გრაფიკის ფუძემდებლის გრიგოლ ტატიშვილის მიერ შექმნილი უნიკალური ქართული ანბანი ,,თაიგული“. ასევე სამი უმნიშვნელოვანესი ქართველი საზოგადო მოღვაწის - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის პირადი საარქივო მასალა, 10 სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი და ამჟამად გაციფრებული შრიფტები.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატები, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლებისა და ქალაქის მთავრობის, ასევე საპატრიარქოს, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.