თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ტაქსის მძღოლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თბილისის მერიის ახალი ინიციატივა განიხილეს, რომელიც ტაქსების აღრიცხვას და რეგულაციების დაწესებას ეხება.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ამ სფეროში რეგულაციები საზიანოა.
„მერიის არგუმენტია, რომ ტაქსების მომსახურება უხარისხო და უკონტროლოა. ხარისხის გაუმჯობესება მხოლოდ კონკურენციით არის შესაძლებელი და არა ლიცენზიების შემოღებით. იმ პირობებში, როცა საწვავზე ფასები იზრდება, ტაქსებზე რეგულაციების დაწესება ამ მომსახურებას გაზრდის და ტაქსის მძღოლების შემოსავალს შეამცირებს,“- განაცხადა გაბაშვილმა.
რაც შეეხებათ თავად მძღოლებს, მათი თქმით, რეგულაციების შედეგი ის იქნება, რომ ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზრდება, ეს კი მოსახლეობასაც დააზარალებს. ტაქსის მძღოლებმა რეგულაციების დაწესების შემთხვევაში ტექდათვალიერების უფასოდ გავლას მოითხოვეს.
შეხვედრის დასასრულს, „ევროპული საქართველოს“ წევრები ტაქსის მძღოლებს დაჰპირდნენ, რომ მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს მმართველ გუნდთან და მერიასთან დააყენებენ.