დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქვეყნის წინაშე გიორგი მაზნიაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, გენერალი მაზნიაშვილი ჩუღურეთის რაიონის მკვიდრი იყო და რაიონში მისი სახელობის მემორიალური დაფა აქამდეც არსებობდა.
მისივე თქმით, გენერლის ბიუსტი, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ კონკურსის წესით შეარჩია, გიორგი მაზნიაშვილის შთამომავლების, ასევე რაიონის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებითა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დაიდგა.
საქართველოს ეროვნული გმირის სკულპტურის გახსნას, რომლის ავტორიც მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მერიის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გიორგი მაზნიაშვილის ოჯახის წევრები და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.