თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა გახსნეს.
ორმხრივი საავტომობილო გზის გახსნას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, დედაქალაქის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ესტაკადის პროექტის ავტორი თამაზ შილაკაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ესტაკადის გახსნამდე გიორგი ალიბეგაშვილმა და დავით ნარმანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც სიმბოლურად ხიდზე ავტომობილით პირველებმა გაიარეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პუშკინის ესტაკადა ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს საცობებისგან განტვირთავს, რაც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, გაკეთდა სავალი ბილიკი, რაც ადრე არ არსებობდა.
,, საავტომობილო მოძრაობის განტვირთვასთან ერთად, ასევე კომფორტული გახდება გადაადგილება ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახალი საფეხმავლო ბილიკით ისარგებლებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია, რაც ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მთავრობამ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება.
,,ესტაკადა ლითონის კონსტრუქციითაა აგებული და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. ახალი ესტაკადა ძველი ქალაქის სტილშია, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგა და აღნიშნულ ქუჩაზე აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
პუშკინის ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.
სამშენებლო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანიამ "CRP" განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარი დაიხარჯა.