ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ 2023-2024 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოს დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას საანგარიშო პერიოდში კომისიებში დასწრებისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 14 სხდომა, მიღებული იქნა 113 დადგენილება, 675 განკარგულება. დეპუტატი 13 სხდომას დაესწრო.
ანგარიშის წარდგენისას ნათია მოდებაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის" წევრად მუშაობის პროცესსა და პასუხისმგებლობებზე. კომისიის 63 სხდომიდან იგი დაესწრო 27 სხდომას, მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტი საკითხის განხილვაში და განხილვისას 1400-მდე მოქალაქეს მოუსმინა.
საკრებულოს დეპუტატმა პრეზენტაციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში მის მიერ მხარდაჭერილი საკითხების განხილვას დაუთმო და აღნიშნა, რომ წლიური ბიუჯეტის 99%-ის ათვისება მოხდა, რაც განხილული და დაფინანსებული საკითხების აქტუალურობაზე მეტყველებს. მისი თქმით, აღნიშნულმა კომისიამ საანგარიშო პერიოდში ორგანიზება გაუწია 13 სხდომის ჩატარებას, მათგან დეპუტატის ჩართულობით ჩატარდა 12 სხდომა და განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
ნათია მოდებაძემ ანგარიშის წარდგენისას ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია და შესაბამისად პროგრამა მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას ემსახურება. აღნიშნული პროგრამით ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის კომპონენტში 77 შემთხვევა, ხოლო ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტში 3 შემთხვევა დაფინანსდა.
საკრებულოს წევრმა პრეზენტაციაზე აგრეთვე ისაუბრა განათლებისა და კულტურის კომისიაში მუშაობის შესახებ. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დეპუტატი ყველა ჩატარებულ სხდომას დაესწრო და 20 საკითხი განიხილა.
ნათია მოდებაძემ დეტალურად ისაუბრა ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და სტუდენტური პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებში ახალგაზრდული პროექტები დაფინანსდა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტით გაგრძელდა თბილისის რაიონის გამგეობების მიერ მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება და ყველა ის პროგრამა, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტმა გასულ წლებში მხარი დაუჭირა.
დღესვე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნინო რუხაძემ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ წარადგინა ანგარიში. მან დეტალურად ისაუბრა ევროპის მუნიციპალიტეტებისა (Council of European Municipalities and Regions, CEMR) და რეგიონების საბჭოსა და გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელის (United Cities and Local Governments, UCLG) საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა CEMR-ის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2023 წელს თბილისში პირველად ჩატარდა. საკრებულოს დეპუტატი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას, რომლის მიზანიც იყო საერთაშორისო ასპარეზზე ევროპული მუნიციპალიტეტებისა და მათი გაერთიანებების როლის დაწინაურება საერთაშორისო ასპარეზზე. ნინო რუხაძის თქმით, კომიტეტის წევრები ჩავიდნენ სოფელ ოძისში და გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას, აგრეთვე შეხვდნენ სოფელ წეროვანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას.
როგორც პრეზენტაციაზე საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, საანგარიშგებო პერიოდში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 12 სხდომაში, 113 დადგენილებისა და 675 განკარგულების განხილვასა და მიღებაში; ასევე იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის 23 სხდომასა და 395 საკითხის განხილვაში; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის 13 სხდომასა და 93 საკითხის განხილვაში; ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მუშაობის ფარგლებში კი ნინო რუხაძემ 15 სხდომასა და 33 საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
საკრებულოს დეპუტატების ანგარიშის წარდგენას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს
ოქტომბერი 24,2024