დედაქალაქის საკრებულოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის, დაბადებიდან 92-ე და პატრიარქად აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საეკლესიო ეროვნული მნიშვნელობის ორი მონუმენტური ნაშრომი - „მრავალენოვანი ბიბლია“ (ბიბლია პოლიგლოტა) და „დიდნი კურთხევანი სქოლიოებით“ იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას წარმოდგენილი ნაშრომების ეროვნულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საამაყო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს აქ წარმოდგენილია ისეთი მონუმენტური ნაშრომები, რომლებიც განეკუთვნება უნიკალურ მართლმადიდებლურ საეკლესიო საუნჯეს. განუსაზღვრელია სრულიად საქართველოს პატრიარქის ღვაწლი ქართული ეკლესიის აღორძინების, ქართული სასულიერო ლიტერატურის და უძველესი საეკლესიო ტექსტების გამოცემის და პოპულარიზაციის საქმეში, ისევე როგორც დიდია მისი უწმინდესობის წვლილი მთლიანად ჩვენი ეროვნული განათლების აღორძინებისა და განვითარების საქმეში. სწორედ სულიერება და განათლება არის ის, რაც ასე სჭირდება ჩვენს ერს და ქვეყანას და ამიტომ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და დიდი ძალისხმევით დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური სასულიერო აკადემია. ცალკე უნდა აღინიშნოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის და მისი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მრავალმხრივი დამსახურება და მისი მოღვაწეობის მასშტაბი, რომელიც შეეხო მრავალ სფეროს - განათლებას, თეოლოგიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის იმ საფუძველს, რაზეც დგას ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და სულიერი სიმტკიცე. ამას მოწმობს დღეს აქ წარმოდგენილი ნაშრომებიც, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან გამოქვეყნებული მასალა მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე, ანუ არსებითად ეს არის ქართველი ერის მთელი სულიერი ისტორია, მისი მატიანე. ორივე გამოცემის მიმართ ინტერესი არის არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ სამეცნიერო და ისტორიულ-კულტურულიც. ამდენად, ეს ნაშრომები მნიშვნელოვნად წაადგება უძველესი ქართული ქრისტიანული კულტურის, საეკლესიო ლიტერატურის პოპულარიზაციასა და მსოფლიოსთვის გაცნობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„მრავალენოვანი ბიბლიის“ აღნიშნული პუბლიკაცია გულისხმობს წმ. დავით წინასწარმეტყველის „ფსალმუნთა“ უმნიშვნელოვანესი ძველი ქართული თარგმან-რედაქციების სრული სახით გამოცემას ყველა არსებული ხელნაწერის მიხედვით ამავე „ფსალმუნთა“ სხვაენოვან (ებრაულ, ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, კოპტურ, სლავურ და ა. შ.) ტექსტებთან ერთად პარალელური სვეტების სახით.
უწმინდეს საღვთისმსახურო წიგნში „კურთხევანი“ წერილობითი სახით შეკრებილია შვიდი ცხოველმყოფელი საეკლესიო საიდუმლოს მღვდელმოქმედება, რომელნიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული ფუძე.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისა წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოსა და მერიის წევრები, წმინდა სინოდის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამეცნიერო აკადემიის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.