თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში დიასპორული მედია ასოციაციის დაფუძნების ცერემონია გაიმართა.
როგორც ღონისძიებაზე ასოციაციის პრეზიდენტმა ილია მიქელაიშვილმა განაცხადა, ასოციაციის დაფუძნება მიზნად ისახავს დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავისუფალი პლატფორმის ჩამოყალიბებას და ამ გზით როგორც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სანდო ინფორმაციით უზრუნველყოფას მიმდინარე პროცესებზე, ასევე ქვეყნის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრების ხელშეწყობას.
ასოციაცია აერთიანებს უცხოეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ დაფუძნებულ მედია ინიციატივებს.
ასოციაციის დაფუძნების მნიშვნელობაზე სხვა გამომსვლელებმა, მათ შორის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, აგრეთვე ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა მანუჩარ პირველმა ისაუბრეს.
გიორგი ტყემალაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა.
„დღეს კი განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს - დაფუძნდა დიასპორული მედიის ასოციაცია. ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახლა, რათა სწორად მოხდეს ქართველი ემიგრანტების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირიქით, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები კარგად გაეცნონ ქართული დიასპორის პრობლემებს, საჭიროებებს და ამაში მედიის როლი გადამწყვეტი იქნება.
ჩემთვის დიდი პატივია შეხვედრა თქვენთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობთ, ემსახურებით ქართულ საქმეს, საქართველოს პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც სხვა გამომსვლელებმა აღნიშნეს, დიასპორული მედია საშუალებების ერთიანი ძალისხმევით თანამემამულეებისთვის გაფართოვდება წვდომა მომსახურების და სხვა მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე.
დიასპორული მედია ასოციაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორთან და რაც მთავარია, ქართულ დიასპორასთან. ღონისძიებას საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და დიასპორული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.