თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების საკითხი განიხილეს.
როგორც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამმა წევრმა ანა გოგოლაძემ, მამუკა გუგეშაშვილმა და თორნიკე ბიკაშვილმა დატოვეს. შესაბამისი წერილით მათ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს. მისივე განცხადებით, ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობის ცვლილება გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, ვინაიდან მცირდება აღნიშნული ფრაქციის წევრთა რაოდენობა და შესაბამისად, იზრდება საკრებულოს იმ წევრების რაოდენობა, რომლებიც გაწევრიანებულნი არ არიან არცერთ ფრაქციაში.
აქედან გამომდინარე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ განსაზღვრა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები, რომლის მიხედვითაც ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოს თითოეულ კომისიაში შესაძლებელი ექნება წარადგინოს 2 წევრი, ხოლო საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც გაწევრიანებულნი არ არიან არცერთ ფრაქციაში, თითოეულ კომისიაში წევრის წარსადგენად განესაზღვრებათ 2 კვოტა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისია საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის ცვლილებებს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.