თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. პროექტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს.
დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით გაზრდილია.
თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიებში განიხილავენ, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნდება.