თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით და საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის ორგანიზებით დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დიაბეტის მსოფლიო დღე საქართველოში 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
ღონისძიებას საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რამაზ ყურაშვილი უძღვებოდა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მიმართა. მან განაცხადა, რომ დიაბეტი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით კი ექიმებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ და არიან ჩართული დიაბეტის სამკურნალოდ სრულფასოვანი სამედიცინო სერვისების შექმნაში, დახვეწასა და განხორციელებაში.
„მოხარული ვარ, საკრებულოში ვუმასპინძლოთ დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ წლების მანძილზე ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ჩვენს ქვეყანაში არსებული დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ პაციენტთათვის საჭირო სერვისების მიწოდებას, მაგრამ მედიცინა ვითარდება, სიახლეები ინერგება და სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის, გაუმჯობესებისა და გაფართოებისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პროფესორი ლადო კახაძე.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დიაბეტის პრევენციის ძირითად გზავნილებზე, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის და ცხოვრების წესის ცვლილებით არის შესაძლებელი.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიაბეტის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.