ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარემ საბა ბუაძემ თბილისის საკრებულოში დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, პარტია „ლელოს“ დღეს ფრაქციის სხდომა ჰქონდა ჩანიშნული, სადაც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს გელა ჩივიაშვილს ელოდებოდნენ. საბა ბუაძის განცხადებით, გელა ჩივიაშვილი სხდომაზე არ გამოცხადდა, რითაც მან საკრებულოს რეგლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი დაარღვია.
„თბილისის მერიის თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საკრებულოში და პასუხები გასცენ იმ კითხვებს, რომლებიც მათ მიმართ არსებობს. ჩვენი ფრაქციის დღევანდელი სხდომა უფასო სასადილოებში შექმნილ სავალალო მდგომარეობას ეხებოდა. ჩვენ გვაინტერესებდა, რატომ ხდება ისე, რომ მერიის მიერვე დისკვალიფიცირებული კომპანია ისევ იგებს უფასო სასადილოების ტენდერს და გვაინტერესებდა, რატომ ხდება ისე, რომ ყველაზე გაჭირვებული თბილისელების კვება ასეთმა კომპანიამ უნდა განახორციელოს“- განაცხადა საბა ბუაძემ.
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის თქმით, ამას გარდა, მათ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გელა ჩივიაშვილთან სხვა კითხვებიც ჰქონდათ. საბა ბუაძის განცხადებით, კალაძის ადმინისტრაცია აგრძელებს სამარცხვინო პრაქტიკას და არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თბილისის მერს ეშინია კრიტიკული კითხვების. ზუსტად ამიტომ, ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არც თავად მოდის და არც მთავრობის წევრებს აძლევს საკრებულოში მოსვლის საშუალებას“- განაცხადა საბა ბუაძემ.