თბილისის საკრებულოს ოპოზიციის სრული შემადგენლობა კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ თბილისის მერს აქვს ვალდებულება, წლის განმავლობაში საკრებულოს მისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს. ფრაქცია „ლელო პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის საბა ბუაძის განმარტებით, ის, რომ დედაქალაქის მერი საკრებულოში მოსვლას არ აპირებს რეგლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის უხეში დარღვევაა.
„შევიტყვეთ, რომ კახა კალაძე არ აპირებს საკრებულოში მოსვლა. ჩვენ ვთვლით, რომ ბატონი მერი ვალდებულია მობრძანდეს საკრებულოში და მის საქმიანობასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ანგარიში ჩააბაროს. სწორედ ამიტომ, საკრებულოს ოპოზიციის ყველა ჯგუფი და მასში შემავალი ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი, შესაბამისი წერილით, მოვითხოვთ, მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა, სადაც მოვისმენთ თბილისის მერის ანგარიშს“- განაცხადა საბა ბუაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერი არ მოვიდა ბიუჯეტის განხილვაზე და არ აპირებს საკრებულოში ანგარიშით წარდგენას, რადგან მას განსხვავებული აზრის მოსმენა არ სიამოვნებს.
„ეს ყველაფერი კი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე, რომელიც მან წლის ბოლოსთვის დააანონსა და რომელთა მიხედვითაც, თბილისელების ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. მოსახლეობისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული თითქმის ყველა სერვისი ძვირდება“- განაცხადა საბა ბუაძემ.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ონიანის თქმით კი, კახა კალაძე ანგარიშის ჩაბარებაზე უარის თქმით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საკრებულოს უმრავლესობას. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში არჩევნები აღარ იქნება და დედაქალაქის მერს თბილისელების აზრი მის მიერ შეთავაზებულ ახალ პროგრამებთან დაკავშირებით, რითიც ქალაქის მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება, აღარ აინტერესებს.
„სამწუხაროა, რომ ქალაქის მერი არჩევნების შემდეგ უკვე აღარ ფიქრობს ანგარიში ჩააბაროს ხალხს. ამით უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მთლიანად საკრებულოს. როგორც ჩანს, კახი კალაძემ ჩათვალა, რომ მას უახლოეს მომავალში არჩევნები აღარ ექნება და იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც მან თბილისელებს შესთავაზა და რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის ცხოვრება ძვირდება, უბრალოდ აღარ აინტერესებს“- განაცხადა გიორგი ონიანმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, შესაბამისი წერილით საკრებულოს დღეს მიმართავენ და რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვენ.