თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარე საბა ბუაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც A კატეგორიის ტაქსებისთვის ბასლაინში მოძრაობის უფლების მიცემას ითვალისწინებს. როგორც საბა ბუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის მორიგი გაუაზრებელი და მავნებლური ინიციატივა, რომელიც მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას შეაფერხებს და დამატებით პრობლემებს შეუქმნის. საბა ბუაძე თბილისის მერიას მოუწოდებს, წარმოადგინონ ის გათვლები და კვლევები, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება და განუმარტონ საზოგადოებას, ტაქსების ავტობუსის ზოლში მოძრაობა გამოიწვევს თუ არა ავტობუსების გადაადგილების შეფერხებას და მოლოდინის დროის გაზრდას.
„მაშინ, როდესაც მთელი ქალაქი სატრანსპორტო რეფორმის ბოლომდე მიყვანას, ბასლაინების დახაზვას და 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას ელოდება, რათა ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადაადგილება სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს, თბილისის მერს შემოაქვს მორიგი პოპულისტური ინიციატივა, რომლის მიხედვითაც A კლასის ტაქსებს ბასლაინებში მოძრაობის უფლებას აძლევს. ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. მეტად გაღრმავდება ის სატრანსპორტო ქაოსი, რომელიც თბილისში გვაქვს და ეს ქაოსი ახლა ბასლაინებზეც გავრცელდება. ნაცვლად იმისა, რომ კახა კალაძემ იზრუნოს სატრანსპორტო რეფორმის შესრულებაზე და ბასლაინების სრულად დახაზვაზე, ჩვენ მივიღეთ ახალი ინიციატივა, რაც ძალიან დიდი ალბათობით გაზრდის დაყოვნების დროს, კიდევ უფრო დატვირთავს ბასლაინებს და სატრანსპორტო რეფორმას დამატებით ჩრდილს მიაყენებს. მინდა, თბილისის მერიას მივმართო და მოვუწოდო, რომ წარმოადგინონ ის გათვლები და კვლევები, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება და განუმარტონ საზოგადოებას, ტაქსების ავტობუსის ზოლში მოძრაობა გამოიწვევს თუ არა ავტობუსების გადაადგილების შეფერხებას და მოლოდინის დროის ზრდას“ - განაცხადა საბა ბუაძემ.