თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად, ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პროექტზე მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, წყნეთის გზატკეცილი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით პრობლემური ადგილი იყო.
„უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგებს შორის ახალი საავტომობილო ხიდის გახსნამ წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის დაწყების საშუალება მოგვცა. მიმდინარე სამუშაოების შედეგად მოწესრიგდება ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი, რაც მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რეაბილიტაციის პერიოდში წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ. პროექტზე რამდენიმე კომპანია მუშაობს.