თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.
წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 2 685,7 ათასი ლარით და შეადგენს 2 195 548,6 ათას ლარს.
ბიუჯეტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის რაიონის გამგეობის დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
დღესვე გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების, შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების საკითხიც გააცნო.
სხდომაზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა კომისიის წევრებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღებასა და თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „GrCF2 W1 - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – პროექტის განხორციელების მხარდაჭერის“ შესახებ გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მოთხოვნით მიმართა.
დღესვე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სერგო ბირკაძემ კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების, ასევე გაცვლის და იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მანვე კომისიის წევრებს 2021 წლის 29 აპრილს გაფორმებულ „პირობებით გამოცხადებული აუქციონის №ე-582-1-26243 ხელშეკრულებაში“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ალფა ფროფერთის“ შორის 2023 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ქ. თბილისში, ო. კაპანაძის ქუჩა №4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი სამშენებლო პროექტის ფარგლებში ქონების მიმღებ პირთა ნაწილის განსაზღვრის საკითხის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.