თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 2 685,7 ათასი ლარით იზრდება და 2 195 548,6 ათას ლარს შეადგენს. წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა ისნის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით ხაბეიშვილის კანდიდატურას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ამას გარდა, კომისიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს; განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს. მათ შორის, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ”; „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“; „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. კომისიაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.